---
title: "მუხლი 14³⁶. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-36"
law: "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
article: "14^36"
identifier: "1908"
adopted: "1999-04-16"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14³⁶. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა — სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, მუხლი 14³⁶ (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-36

1. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) გარდაცვალება.

2. აღსრულების პოლიციელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო; დ) აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის გაუქმების ან შტატების შემცირების გამო; ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; კ) პირადი განცხადების საფუძველზე; ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ნ) სამსახურებრივი (თანამდებობრივი) შეუთავსებლობის გამო; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. აღსრულების პოლიციელი, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან ითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.

4. თანამდებობიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.

5. კადრების განკარგულებაში აყვანილ აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

6. კადრების განკარგულებაში აყვანილი აღსრულების პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.

7. სამსახურიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები). საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18442-saaghsrulebo-warmoebata-shesakheb/14-37.md
