---
title: "მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/2"
law: "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "1933"
adopted: "1999-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები — ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/2

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი განხორციელება გათვალისწინებულია კანონით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისი განხორციელება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.

4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ფარგლები და ამ ღონისძიების შედეგად მოპოვებული მონაცემები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ლეგიტიმური მიზნისა და ამოცანის პროპორციული უნდა იყოს.

5. აკრძალულია იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც: ა) საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას; ბ) საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს; გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასთან. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №1 9, , 28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.21 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/18472-operatiul-samdzebro-sakmianobis-shesakheb/3.md
