---
title: "მუხლი 1. ტერმინთა განმარტება — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/1"
law: "არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1894"
adopted: "2002-07-04"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ტერმინთა განმარტება — არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი – კოოპერატივის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული საწარმო, რომელიც მხოლოდ თავისი წევრებისაგან იღებს ანაბრებს, აძლევს მათ სესხს, ახორციელებს ამ კანონით ნებადართულ საბანკო საქმიანობას და რომლის უმთავრესი მიზანი არ არის მოგების მიღება; ბ) ანაბარი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს საკრედიტო კავშირი და რომლებსაც, როგორც წესი, ერიცხება პროცენტი; გ) პაი − არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის კაპიტალში საკრედიტო კავშირის წევრის ფულადი შენატანი, რომელიც აღნიშნულ წევრს საკრედიტო კავშირის მიმართ ამ კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებებს ანიჭებს; დ) საბანკო საქმიანობა – ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა; ე) სესხი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ თავისი წევრისათვის დაბრუნებადობის, ფასიანობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; ვ) ხელმძღვანელი ორგანო – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, გამგეობა; ზ) ინვესტიცია – შესაძლო მოგების მიღების მიზნით ჭარბი ლიკვიდური სახსრების დაბანდება მოკლევადიან მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივებში; თ) ჭარბი ლიკვიდურობა – ფულადი სახსრები, რომლებიც რჩება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს მეანაბრეების მიმართ არსებული, ასევე სხვა ფინანსური ვალდებულებების დროული დაფარვისა და სესხზე მისი წევრების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ; ი) კომერციული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას; კ) ლიცენზია – საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით; ლ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) რეზერვები – ქონება, რომელიც იქმნება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის მიერ მიზნობრივი დანიშნულებით და არ წარმოადგენს მისი წევრების საერთო წილობრივ საკუთრებას; ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები; ო) ოჯახის წევრი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი; პ) ახლო ნათესავი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს სხვა ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები; ჟ) საქმიანი პარტნიორი – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან – საკრედიტო კავშირთან კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; რ) (ამოღებულია). საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №885 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1894-arasabanko-sadepozito-dawesebulebebis-sakredito-kavshirebis-shesakheb/2.md
