---
title: "მუხლი 4. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და გარანტიები — პროფესიული თეატრების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/4"
law: "პროფესიული თეატრების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1900035"
adopted: "2013-04-05"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და გარანტიები — პროფესიული თეატრების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული თეატრების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/4

1. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება:
ა) ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში ქართული თეატრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის აღიარებას;
ბ) თეატრისა და თეატრალური საქმიანობის შემოქმედებით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას;
გ) შემოქმედებითი ნიჭის უნიკალურობის აღიარებას და მის რეალიზებაზე ზრუნვას;
დ) პროფესიული თეატრების ფუნქციონირების სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის გარანტიას;
ე) თეატრალური შემოქმედებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას;
ვ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების განუხრელ დაცვას;
ზ) მსოფლიო კულტურულ სივრცეში ქართული თეატრის პოპულარიზაციას.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) პროფესიული თეატრების საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვას და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა;
ბ) თეატრალური საქმიანობისთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნას;
გ) პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ინვესტირებას პროფესიული თეატრების ფუნქციონირების და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით;
ე) პროფესიული კერძო და შერეული თეატრების ფუნქციონირების მიზნით მათთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;
ვ) ინოვაციური თეატრალური პროექტების შექმნისა და განხორციელების მიზნით თეატრის მოღვაწეების, ახალგაზრდა, ნიჭიერი დრამატურგებისა და შემსრულებლების მოზიდვასა და ხელშეწყობას;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას;
თ) საქართველოს თეატრალური მიღწევების პოპულარიზაციას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივი თეატრალური ფესტივალების, კონკურსების, დათვალიერებების, გასტროლების, მათ შორის, გაცვლითი გასტროლების, ორგანიზებასა და დაფინანსებას.
თავი II
პროფესიული თეატრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1900035-propesiuli-teatrebis-shesakheb/5.md
