---
title: "მუხლი 8². საქართველოს პროკურორთა კონფერენცია — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/8-2"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "8^2"
identifier: "382"
adopted: "2008-10-21"
consolidated_as_of: "2018-11-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8². საქართველოს პროკურორთა კონფერენცია — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2018-11-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 8² (consolidated as of 2018-11-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/8-2

1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.

2. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

3. საქართველოს პროკურორთა კონფერენციას იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე არის მთავარი პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

4. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.

5. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობით.

6. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა.

7. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

8. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით:
ა) 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
ბ) 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
გ) 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
დ) 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ცალკე ტარდება. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის რიგითობას. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაირკვა, რომ საპროკურორო საბჭოს წევრებად მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იქნენ არჩეული, ან თუ პირველ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 1 წევრი – განსხვავებული სქესისა, დარჩენილ ორ ან ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე (რომელი შემთხვევაც იქნება) შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

10. საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.

11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, კანდიდატების წარდგენა და კენჭისყრა ხელახლა ხდება.

12. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.

13. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით განისაზღვრება.
საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19090-prokuraturis-shesakheb/8-3.md
