---
title: "მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/11"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "11"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/11

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი).

2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.

3. ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.

5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.

7. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით.

8. ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.

9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.
საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრის კანონი №513 - სსმ I, №35, 11.10.2000 წ., მუხ.101
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1754 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.233
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4216 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/12.md
