---
title: "მუხლი 15. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/15"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "15"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/15

1. საქართველოს გზებზე პირის უსაფრთხო პირობებში მოძრაობის უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია ამ კანონით.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების რეალიზება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებებს.

3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მიიღოს:
ა) ინფორმაცია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ;
ბ) ინფორმაცია ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებულ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ;
გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარება.

4. საგზაო მოძრაობის მონაწილე ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდება გზაზე.

5. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16.md
