---
title: "მუხლი 16¹. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16-1"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "16^1"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდა და მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16-1

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდა (თეორიული ან/და პრაქტიკული).

2. შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ:
ა) მან გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვებით „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა);
ბ) იგი აკმაყოფილებს მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გასულია მართვის უფლების შეჩერების ვადა;
დ) არ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;
ე) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4. „A“, „B“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული ის პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში.

5. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილია შემდეგი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი:
ა) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის:
ბ.ა) 21 წელი, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ.ბ) 24 წელი, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება;
გ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 16 წელი;
დ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 17 წელი;
ე) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის − 18 წელი;
ვ) „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 18 წელი;
ზ) „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
თ) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 21 წელი;
ი) „D“ და „DE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის − 24 წელი;
კ) „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −17 წელი;
ლ) „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის −18 წელი;
მ) ტრამვაისათვის − 21 წელი.

6. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

7. „C“ და „D“ კატეგორიების, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ (ამ ვადაში არ ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების დრო).

8. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

9. „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

10. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

11. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

12. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეიძლება მიენიჭოს იმ პირს, რომელსაც მისი მიღების მოთხოვნის მომენტისათვის აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

13. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გარემოებათა არსებობისას სავალდებულოა უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისას, აგრეთვე შეჩერებული მართვის უფლების აღდგენისას პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნებიც.

15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეუმცირდეს ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17.md
