---
title: "მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "16"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16

1. ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:
ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს;
ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).

2. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) „A“ − მოტოციკლი;
ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;
გ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3
500 კგ-ს, აგრეთვე „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
დ) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, აგრეთვე „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
ვ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
ზ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
თ) „T“ – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
ი) „S“ − საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
კ) ტრამვაი.

3. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:
ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ
3
-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
ბ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
გ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება
3
500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება
7
500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
დ) „D1“ − მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
ე) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
ვ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16-1.md
