---
title: "მუხლი 17¹. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17-1"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "17^1"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მართვის უფლების მინიჭების ზოგიერთი პირობა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17-1

1. „B“, „T“, „A1“ ან „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებითა და აკრძალვებით) და მასზე გაიცემა მართვის მოწმობა; ამასთანავე, მართვის მოწმობის მოქმედების ვადად მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) დღე.

2. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის მინიჭებული „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეწყდება (გაუქმდება):
ა) 18 წლის ასაკის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე;
ბ) 18 წლის ასაკის შესრულებიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭების და მასზე მართვის მოწმობის გაცემის შემთხვევაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გარემოებათა დადგომამდე პირისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ­− მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე;
დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას);
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

3. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ამ უფლების მოქმედების ვადაში ეკრძალება:
ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;
ბ) შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად (გარდა „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მუშაობა.

4. პირის მიერ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიული და პრაქტიკული) მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე;
ბ) თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 31-ე კალენდარულ დღეს, თუ აღნიშნულ პერიოდში პირმა იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის პრაქტიკულ გამოცდაზე დადებითი შეფასება არ მიიღო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დაუყოვნებლივ, თუ გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღებიდან მართვის მოწმობის გაცემამდე:
გ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-6 ან მე-8 ნაწილით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 119-მუხლის მე-6 ნაწილით ან მე-8 ნაწილით (თუ ეს სამართალდარღვევა ჩადენილია იმავე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ), ან 121-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;
გ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მართვის უფლების (ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე) მინიჭებისა:
დ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;
დ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

5. პირს, რომელსაც „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „B“, „T“, „A1“ ან/და „B1“ კატეგორიის/ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 18 წლის ასაკამდე წარმატებით ჩაბარებული შესაბამისი მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ ამ უფლების მიღების მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

6. პირი, რომელსაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების გაუქმების საფუძველი არ ვრცელდება პირის მიერ წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შედეგზე, რომელზედაც გაცემულ იქნა მართვის მოწმობა.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
