---
title: "მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "17"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა ეკვივალენტურობა — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17

1. „A“, „B“, „C“ ან „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „A1“, „B1“, „C1“ ან „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

2. „CE“ ან „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

3. „CE“ ან „DE“ კატეგორიის, აგრეთვე „C1E“ ან „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

4. „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

5. „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

6. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, რომელსაც აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც, აგრეთვე უფლება აქვს, მართოს „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

7. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს მართვის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით გადაიყვანოს მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება.

8. „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ უფლება აქვს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.

9. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

10. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.

11. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.

12. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

13. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელზე ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის კანონმდებლობა.

14. ამ მუხლის პირველი−მე-11 პუნქტებით განსაზღვრული ეკვივალენტურობის გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის უფლებათა სხვა ეკვივალენტურობაც.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4686 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17-1.md
