---
title: "მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/18"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "18"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი და ორგანიზაციული რეგულაცია — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/18

1. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარებას, მართვის უფლების მინიჭებასა და გაუქმებას, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენას, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემასა (მათ შორის, შეცვლასა და აღდგენას) და გაუქმებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

2. სააგენტოს მიერ პირისათვის „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე:
ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;
ბ) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მინიჭებული მართვის უფლების გაუქმების თარიღად ჩაითვლება ამ კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარიღი.

3. მართვის მოწმობისა და ტრამვაის მართვის მოწმობის, აგრეთვე საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია აისახება სააგენტოს მიერ წარმოებულ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში. მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებსა და მართვის მოწმობაში, ტრამვაის მართვის მოწმობაში ან საერთაშორისო მართვის მოწმობაში ასახული ჩანაწერების შეუსაბამობისას უპირატესობა ენიჭება მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში არსებულ ჩანაწერებს.

4. ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. ტრამვაის მართვის მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6442 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/17-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/19.md
