---
title: "მუხლი 22. სპეციალური სიგნალების გამოყენება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/22"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "22"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-03-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სპეციალური სიგნალების გამოყენება — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-03-01.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/22

1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები.

2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

3. ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა.

4. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4–8 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
