---
title: "მუხლი 45¹. გარდამავალი დებულებანი — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/45-1"
law: "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ"
article: "45^1"
identifier: "2050"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2013-12-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45¹. გარდამავალი დებულებანი — საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2013-12-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 45¹ (consolidated as of 2013-12-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/45-1

1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:
ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან და მის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4. 2007 წლის 1 მარტამდე:
ა) აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

5. 2007 წლის 1 ივნისამდე ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და ტესტირების მეთოდების შესახებ, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;
ბ) სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის შესახებ;
გ) ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ;
დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ.

6. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფირნიშების ფორმა, მათი დამზადების წესი და ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება არსებული წესების შესაბამისად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები – საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით.

7. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ფირნიშის საფასური განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით და იგი ჩაირიცხოს სააგენტოს ანგარიშზე.
საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №513 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.150
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5941 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.48
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №890 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.316
საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 30.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
25
დეკემბრის კანონი №1846
- ვებგვერდი, 28.12.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19198-sagzao-modzraobis-usaprtkhoebis-shesakheb/46.md
