---
title: "მუხლი 10³. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-3"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "10^3"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10³. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დანიშვნა და თანამდებობებიდან გათავისუფლება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 10³ (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-3

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობებზე ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებზე დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისთვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი/მისი მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) გადადგა თანამდებობიდან; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ახორციელებდა მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) ან შინაგანაწესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ან თუ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რომლისთვისაც თანამდებობიდან გათავისუფლებაა გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს/მის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5401 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №317 - ვებგვერდი, 21.02.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/11.md
