---
title: "მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ"
article: "10"
identifier: "2052"
adopted: "1999-05-28"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით).

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.

4¹. ამ კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო .

5. ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

6. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები, აგრეთვე, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19204-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shesakheb/10-1.md
