---
title: "მუხლი 10. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/10"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/10

1. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება) საფუძველზე.

2. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის.

3. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებია: ა) ობიექტის დაცვის ხელშეკრულება; ბ) დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულება.

4. ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები; გ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს ობიექტის დაცვას; ე) მცველების რაოდენობა; ვ) ხელშეკრულების ფასი; ზ) ხარჯების ანაზღაურების წესი; თ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ი) დამკვეთისთვის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა; კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ლ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

5. დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) ცალკეული ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც განხორციელდება დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლოატაცია; გ) ხელშეკრულების არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ე) ხელშეკრულების ფასი; ვ) ხარჯების ანაზღაურების წესი; ზ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) მხარეთა სრული რეკვიზიტები.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გაცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/11.md
