---
title: "მუხლი 22. სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/22"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/22

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი: ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით; დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2. მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.

3. დაუშვებელია მცველის მიერ ფიზიკური იძულების ან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს ან მცველს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

4. მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/23.md
