---
title: "მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/5"
law: "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 19414"
adopted: "2008-11-21"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები — კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/5

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წესდება, რომელშიც ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის სფეროდ განსაზღვრული იქნება დაცვითი საქმიანობის განხორციელება; ბ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების): ბ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი; ბ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა; გ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის დამფუძნებლებისა და პარტნიორების სია, რომელსაც უნდა დაერთოს: გ.ა) პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი, იურიდიული პირის შემთხვევაში – რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.ბ) თითოეულ დამფუძნებელზე – ცნობა ნასამართლობის შესახებ, ხოლო თუ დამფუძნებელი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა – ამ სახელმწიფოს ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს; დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ფინანსური, ქონებრივი (მათ შორის, საქმიანობისთვის საჭირო ფართობის) და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ადასტურებს დაცვითი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას; ე) დაცვითი ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად საბანკო გარანტია არანაკლებ 200000 ლარზე; ვ) მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები, რომელთაც ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში ამტკიცებს დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო; ზ) ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ; თ) ცნობა ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ყადაღის შესახებ.

2. დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილია სალიცენზიო მოსაკრებელი, რომლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/19414-kerdzo-datsviti-sakmianobis-shesakheb/6.md
