---
title: "მუხლი 20. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/20"
law: "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 1960"
adopted: "2003-04-22"
consolidated_as_of: "2025-02-18"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია — თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-02-18. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2025-02-18), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/20

1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნის მიზნებია აგრეთვე:
ა) ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და დაცვა;
ბ) ნაკრძალის საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების თვითრეგულირებადი და სრულყოფილი ფუნქციონირების, მათი დღევანდელი სახის შენარჩუნება;
გ) ნაკრძალში სამეცნიერო კვლევა.

2. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

3. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;
ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);
ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

4. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ეწყობა სხვადასხვა ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონები და შესაბამისად მთელ მის ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის ერთიანი რეჟიმი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1960-tushetis-bawara-babaneuris-lagodekhisa-da-vashlovanis-datsuli-teritori/21.md
