---
title: "მუხლი 13³. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-3"
law: "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ"
article: "13^3"
identifier: "matsne 1972742"
adopted: "2013-07-12"
consolidated_as_of: "2022-12-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13³. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება — სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ, მუხლი 13³ (consolidated as of 2022-12-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-3

1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები, პირველ რიგში, ამ კოოპერატივის ასოცირებულ/ინვესტორ წევრებზე გაიცემა:
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული ასოცირებული/ინვესტორი წევრის შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ ასოცირებულ/ინვესტორ წევრზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან დივიდენდები ასოცირებული/ინვესტორი წევრების შემდეგ გაიცემა ამ კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი დამატებითი შენატანების შესაბამისად:
ა) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია დივიდენდის ამ მეპაიის დამატებითი შენატანის პროპორციულად გაცემა, გაცემული დივიდენდის ოდენობა 1 სამეურნეო წლის განმავლობაში აღნიშნული მეპაიის დამატებითი შენატანის ღირებულების 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
ბ) თუ საერთო კრების გადაწყვეტილებითა და მეპაიესა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ამ მეპაიეზე დივიდენდის აღნიშნული კოოპერატივის მოგების პროპორციულად გაცემა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა დამატებითი შენატანებისა და ასოცირებულ/ინვესტორ წევრთა შენატანების მიხედვით გასაცემი დივიდენდების საერთო ოდენობა ამ კოოპერატივის წმინდა მოგების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად დივიდენდების გაცემის შემდეგ დარჩენილი მოგება ნაწილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეებზე, მათი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად.
საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1972742-sasoplo-sameurneo-kooperativis-shesakheb/13-4.md
