---
title: "მუხლი 10. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/10"
law: "საინვესტიციო ფონდების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 1981090"
adopted: "2013-07-24"
consolidated_as_of: "2020-07-14"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება — საინვესტიციო ფონდების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-14. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინვესტიციო ფონდების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-07-14), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/10

1. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შინაარსს განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანია სტანდარტული პირობებით, რომლებზედაც თანხმობას ფულადი საშუალებების მართვის მინდობის უფლებით გადამცემი პირი გამოხატავს მხოლოდ ამ ხელშეკრულებასთან მიერთებით.

2. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებასთან მიერთება შესაძლებელია მხოლოდ საპაიო საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გამოშვებული საპაიო საინვესტიციო ფონდის ან საპენსიო სქემის პაის შესყიდვით.

3. ფულადი საშუალებები მმართველ კომპანიას გადაეცემა საპაიო საინვესტიციო ფონდში/სქემაში ჩასართავად, რათა ეს ფულადი საშუალებები გაერთიანდეს სხვა ინვესტორების მიერ გადაცემულ ფულად საშუალებებთან შემდგომ ფონდის წესების შესაბამისად მათი ინვესტირებისათვის.

4. მმართველი კომპანიისთვის მართვის მინდობის უფლების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ფონდის საქმიანობის შეჩერების და ხელშეკრულების გაწყვეტის პირობებსა და წესებს;
ბ) სხვა მმართველი კომპანიისთვის ფონდის აქტივების გადაცემის წესებსა და პირობებს ფონდის ლიკვიდაციის ან მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში.

5. საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონებად ითვლება პაის მფლობელთა საერთო ქონება, რომელზედაც მფლობელებს აქვთ წილობრივი საკუთრების უფლება.

6. საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის პაის მფლობელებს აქვთ აღებული ზარალის რისკი, რომელიც დაკავშირებულია საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონების საბაზრო ღირებულების ცვლილებასთან.

7. აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს ნებისმიერ იურიდიულ და სხვა  მოქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის ქონებასთან, დებს  ხელშეკრულებებს დეპოზიტართან, აუდიტორთან, შემფასებელთან და მესამე პირთან, როგორც  საპაიო საინვესტიციო ფონდის/სქემის აქტივების მმართველი კომპანია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1981090-sainvestitsio-pondebis-shesakheb/10-1.md
