---
title: "მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/4"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. აკადემიის მიზნები და ამოცანები — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/4

1. აკადემიის მიზნებია:
ა) საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად;
ბ) თავისი წევრების ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით საქართველოს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმოჩენა;
გ) ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერული კვლევების ხელშეწყობა;
დ) საქართველოში მეცნიერების განვითარების პროგნოზირება და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენა;
ვ) სახელმწიფო ენებზე ზრუნვა და ამ ენებზე სამეცნიერო ტერმინოლოგიის სრულყოფა.

2. თავისი ამოცანების შესასრულებლად აკადემია:
ა) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას;
ბ) აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; ატარებს საჯარო ლექციებს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
გ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;
დ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;
ე) უფლებამოსილია განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ვ) აარსებს და ანიჭებს პრემიებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაოების წარმოსაჩენად;
ვ
1
) აწესებს სტიპენდიებს და წარმატებულ მეცნიერებს, რომლებიც აკადემიის წევრები არ არიან, აკადემიის სტიპენდიატებად ირჩევს;
ზ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგებში;
თ) უფლებამოსილი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ინახავს მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა პირად არქივებს, რომლებიც ფასეულია საქართველოს ისტორიისათვის;
ი) განიხილავს და აფასებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მეცნიერების განვითარების ფონდებს;
კ) დარგების მიხედვით ანიჭებს წლის საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ტიტულსა და ჯილდოებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4561 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3032 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5275 – ვებგვერდი, 04.11.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
თავი III. აკადემიის მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/5.md
