---
title: "მუხლი 6. აკადემიის საერთო კრება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/6"
law: "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 20194"
adopted: "2007-12-14"
consolidated_as_of: "2025-05-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. აკადემიის საერთო კრება — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-05-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/6

1. აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები და აკადემიის სტიპენდიატები.

2. აკადემიის საერთო კრება:
ა) ამტკიცებს აკადემიის წესდებასა და აკადემიის სტრუქტურას აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტების სიითი შემადგენლობის (შემდგომ − სიითი შემადგენლობის) უმრავლესობით;
ბ) განსაზღვრავს აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
გ) აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებს და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
დ) ვადამდე გამოიწვევს აკადემიის პრეზიდიუმის წევრებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის 3/5-ით;
ე) იხილავს და ამტკიცებს აკადემიის წლიურ ანგარიშს და წარადგენს დასაბუთებულ მოთხოვნას მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებაზე;
ვ) ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებს, აკადემიის უცხოელ წევრებსა და აკადემიის სტიპენდიატებს;
ზ) იხილავს სამეცნიერო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

3. აკადემიის საერთო კრებას იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

4. აკადემიის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ წელიწადში ორჯერ მაინც.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20194-sakartvelos-metsnierebata-erovnuli-akademiis-shesakheb/7.md
