---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/2"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "2"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოება – პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა;
ბ) მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
გ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს;
დ) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად;
ე) ადმინისტრაციული რეალაქტი – ისეთი საჯაროსამართლებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შეცვლისაკენ ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ;
ვ) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება – სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი, სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/3.md
