---
title: "მუხლი 41. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების წესი — პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/41"
law: "პოლიციის შესახებ"
article: "41"
identifier: "1444-Iს"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2026-03-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების წესი — პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პოლიციის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-03-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/41

1. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/თანამდებობიდან გათავისუფლება სავალდებულოა ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა;
ე) გარდაცვალება.

3. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს/თანამდებობიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის ან მათი სტრუქტურული ერთეულების ლიკვიდაციის დროს;
დ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ე) წოდებით ნამსახურობის ვადის გასვლის გამო;
ვ) სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 ან 5-ზე მეტი სამუშაო დღით გაცდენის გამო;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ი) სხვა სამსახურში ან სამინისტროს სისტემის სხვა სტრუქტურულ დანაყოფში გადასვლის გამო;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ან/და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებისთვის თავის არიდების გამო;
ლ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
მ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ნ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლაზე უარის თქმის ან/და მისი წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი პირდაპირ ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნას/თანამდებობიდან გათავისუფლებას;
პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან მისი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ჟ) ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4. სამსახურიდან დათხოვნილი/თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი ვალდებულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული მატერიალური ფასეულობები.

5. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2047533-politsiis-shesakheb/42.md
