---
title: "მუხლი 12. კონტროლირებადი მიწოდება — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კონტროლირებადი მიწოდება — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/12

1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო დანაშაულის თავიდან აცილების, გახსნის ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში, საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით ახორციელებს შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებად გადაადგილებას.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, კონტროლირებადი მიწოდების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) ტვირთის შემადგენლობის, მისი მოსალოდნელი მარშრუტის, გადაადგილების ხანგრძლივობის, ტრანსპორტირების სახისა და სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ;
ბ) ესკორტირების სახის შესახებ;
გ) გამოსაყენებელი ტექნიკური ხელსაწყოების შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან ესკორტირებაში მონაწილე პირების რაოდენობისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ;
ე) კონტროლირებად მიწოდებაში მონაწილე პირებთან კონტაქტის უზრუნველყოფის სახის შესახებ;
ვ) ტვირთის გადაბარებისა და მიღების პირობების შესახებ;
ზ) შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

3. კონტროლირებადი მიწოდების ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. საქართველოდან საქართველოს ფარგლების გარეთ, საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.

4. კონტროლირებადი მიწოდება იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ნებისმიერ დროს შეწყვეტა.

5. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელების მეთოდები და დეტალები განისაზღვრება საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ ორგანოსთან ამ მიზნით დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობების დაცვით.

6. საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას მასზე კონტროლსა და მის მართვას ახორციელებს/ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები.

7. საქართველოს ტერიტორიაზე კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებაში საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და ოპერატიული მუშაკების მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს/იღებენ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო/ორგანოები, რომელმაც/რომლებმაც საზღვარგარეთის მოცემული ქვეყნის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ოპერატიული მუშაკების დაცვის ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3945 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5623 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/13.md
