---
title: "მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/2"
law: "სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2048477"
adopted: "2013-10-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/2

1. ეს კანონი არეგულირებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების გაცვლას, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სხვა სფეროებს, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები თანამშრომლობენ საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურებთან.

2. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის ან აღკვეთის მიზნით, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია მინიმუმ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. (ამოღებულია - 21.07.2018, №3261).

4. ეს კანონი არ არეგულირებს:
ა) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) ფარგლებში;
ბ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს;
გ) „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

5. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ისეთი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რომელთათვისაც აუცილებელია საქართველოს პროკურატურის ორგანოების ან საქართველოს საერთო სასამართლოების თანხმობა ან ნებართვა, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს აღნიშნული თანხმობის ან ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის კომპეტენტური ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3261
–
ვებგვერდი,
30.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2048477-samartaldatsvit-speroshi-saertashoriso-tanamshromlobis-shesakheb/3.md
