---
title: "მუხლი 26. რეგისტრაციის გაუქმება — საჯარო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/26"
law: "საჯარო რეესტრის შესახებ"
article: "26"
identifier: "820"
adopted: "2008-12-19"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. რეგისტრაციის გაუქმება — საჯარო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო რეესტრის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/26

1. რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს;
ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა;
ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

3. რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ:
ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს;
გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

4. რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/20560-sajaro-reestris-shesakheb/27.md
