---
title: "მუხლი 12. არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/12"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "12"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/12

1. არქეოლოგიური მემკვიდრეობის ადგილზე შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობების მიერ უკეთესი ტექნოლოგიებით შესწავლის მიზნით არქეოლოგიური ობიექტის გათხრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სამეცნიერო საკითხების გადასაჭრელად ან თუ არქეოლოგიურ მემკვიდრეობას სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა სახის საქმიანობით ან ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანება ან განადგურება ემუქრება.

2. არქეოლოგიურ სამუშაოთა დასრულების შემდეგ დაუშვებელია განათხარი არქეოლოგიური ობიექტისა და არქეოლოგიური მონაპოვრის მიტოვება კონსერვაციის ან რეკულტივაციის გარეშე, ხოლო სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა სამუშაოთა მწარმოებელმა (შესაბამისი ნებართვის მფლობელმა) სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისაგან, განადგურებისა და დაკარგვისაგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან.

3. თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდება მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ეს ორგანო პასუხისმგებელია ამ ნივთის (ნივთების) დაცვაზე, მის (მათ) უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირებამდე.

4. მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, როგორც წესი, უნდა ინახებოდეს უახლოეს მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმში ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/13.md
