---
title: "მუხლი 50. არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/50"
law: "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"
article: "50"
identifier: "4708"
adopted: "2007-05-08"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა — კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მუხლი 50 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/50

არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, სამუშაოების სახეობებისა და მოცულობის მითითებით. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა.ა) არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი; ა.გ) თუ პროექტი, სამუშაოებისა და არქეოლოგიური ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, მხოლოდ ობიექტის ფრაგმენტის შესწავლას ან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, – ობიექტის შესწავლის, რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიან კონცეფციასთან (კონსერვაციის გეგმის არსებობის შემთხვევაში – ასევე კონსერვაციის გეგმასთან) სამუშაოების შესაბამისობა; ა.დ) ჩასატარებელი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მასალის კონსერვაციისა და რეკულტივაციის, შესაბამის საცავებში შემდგომი დაბინავებისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა; ა.ე) დასკვნა სამუშაოების ჩატარების მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ბ) შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1500 და 1:500), GPS კოორდინატებით; გ) შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში – დაზვერვითი სამუშაოების შედეგები; დ) შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები, შესაბამისი წყაროების მითითებით, კერძოდ, სამუზეუმო და საარქივო მასალების (არსებობის შემთხვევაში – ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები, არქივებში დაცული, საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, კოსმოსური და აეროფოტომასალები) მოძიება, შესასწავლ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი; ე) სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით, ხანგრძლივი (მრავალწლიანი) ექსპედიციის შემთხვევაში – სამუშაოების შუალედური და საერთო ხანგრძლივობის მითითებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21076-kulturuli-memkvidreobis-shesakheb/51.md
