---
title: "მუხლი 2 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/2"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "2"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არარეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად;
ბ) ბროკერი − რეზიდენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საბროკერო მომსახურებას;
გ) გადამზიდველი − ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის;
დ) ექსპორტი:
დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული დროებითი ან მუდმივი გატანა;
დ.ბ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას;
დ.გ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის;
ე) ექსპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ექსპორტს;
ვ) იმპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი შემოტანა;
ზ) იმპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს იმპორტს;
თ) ნებართვა − ეს ტერმინი განიმარტება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
ი) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;
კ) ნებართვის მაძიებელი – ეს ტერმინი განიმარტება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
ლ) ნებართვის მფლობელი – ეს ტერმინი განიმარტება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
მ) ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის;
ნ) რეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად;
ო) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი − პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი;
პ) საბროკერო მომსახურება:
პ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება.
შენიშვნა: ეს ქვეპუნქტი არეგულირებს პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის;
პ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.
შენიშვნა:
საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა;
ჟ) საკონტროლო ნუსხები −
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები;
რ) სამხედრო პროდუქცია – ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია;
ს) სანებართვო პირობები – ამ კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;
ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება
საქართველოს საბაჟო კოდექსის
შესაბამისად;
უ) სახელმწიფო საზღვარი − ეს ტერმინი განიმარტება
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
ფ) ტექნიკური დახმარება − ტექნიკური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას;
ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება
საქართველოს საბაჟო კოდექსის
შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4922 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
თავი II
ექსპორტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/3.md
