---
title: "მუხლი 4 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/4"
law: "სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ"
article: "4"
identifier: "1683-Iს"
adopted: "2013-11-29"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/4

ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით გაუთვალისწინებელი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს ნებართვა ესაჭიროება, თუ:
ა) ექსპორტიორს ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულმა ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა.ა) ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, მართვასთან, ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, შენახვასთან, აღმოჩენასთან, იდენტიფიცირებასთან ან გავრცელებასთან დაკავშირებით ან ასეთი იარაღის გადამტანი ჭურვის/რაკეტის შემუშავებასთან/განვითარებასთან, წარმოებასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან ან შენახვასთან დაკავშირებით;
ა.ბ) სამხედრო მიზნებისათვის, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ან საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე ან საქართველოს მიერ ცალმხრივად მყიდველი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მიმართ იარაღის ემბარგოა დაწესებული. სამხედრო მიზნებისათვის გამოყენება ამ მუხლში გულისხმობს:
ა.ბ.ა) პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაში ჩაყენებას/ჩამონტაჟებას;
ა.ბ.ბ) საწარმოო, საცდელი ან ანალიტიკური აღჭურვილობის და მისი კომპონენტის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის შემუშავებისთვის/განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებას;
ა.ბ.გ) ნებისმიერი ნახევარფაბრიკატის/დაუსრულებელი პროდუქციის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებას;
ბ) ექსპორტიორისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
თავი III
იმპორტი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2113659-samkhedro-da-ormagi-danishnulebis-produktsiis-kontrolis-shesakheb/5.md
