---
title: "მუხლი 4. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების ( საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები — ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/4"
law: "ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ"
article: "4"
identifier: "366"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2017-04-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 4. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების ( საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები — ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ

> Text consolidated as of 2017-04-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2017-04-12), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/4

1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ:
ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად;
ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით და/ან ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს;
გ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ავტოგასამართი სადგურების და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა;
დ) სადენებზე და ანძებზე საგნების შეგდება, მათი მიდგმა თუ მიბმა, ანძებზე ასვლა, აგრეთვე სახურავებიდან სადენებზე თოვლის ან/და სხვა საგნების ჩამოყრა;
ე) ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან მისასვლელი გზების ლიკვიდირება ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი (მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის);
ვ) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სათამაშო სპორტული მოედნების, ბაზრობების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საველე კარვების განლაგება, ყველა სახის მანქანა-მექანიზმების და საქონლის სადგომების მოწყობა, ნებისმიერი სახის ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრასთან, თუ ისინი არ ასრულებენ ნებადართულ სამუშაოებს;
ზ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ტერიტორიაზე ან სათავსოებში უცხო პირთა ყოფნა, მათ მიერ შენობა-ნაგებობების კარების და ლუკების გაღება, ქსელში ჩართვების და გადართვების წარმოება;
თ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სარტყამი მექანიზმებით სამუშაოთა წარმოება, 5 ტონაზე მეტი წონის ტვირთის ჩამოგდება, მწვავე და კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, საწვავ-საპოხი მასალების დაღვრა და/ან დაყრა;
ი) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში ჭავლსატყორცნი სარწყავი სისტემის მოწყობა, ასევე სარწყავების მოწყობა გაშხეფების გზით;
კ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ნებისმიერი სახის ნაგავსაყრელის მოწყობა;
ლ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში ნამჯის, ჩალის და თივის ზვინების, ტორფის და შეშის საწყობების მოწყობა, ნებისმიერი დანიშნულებით კოცონის დანთება;
მ) ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და მის სიახლოვეს ფრანების, მფრინავი აპარატების (მათ შორის უმართავი) სპორტული მოდელების გაშვება.

2. ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია:
ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება;
ბ) გეოლოგიურ-დაზვერვით და საძიებო-გეოლოგიურ სამუშაოთა წარმოება;
გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.;
დ) ავტოტრანსპორტის და სხვა მანქანა-მექანიზმების სადგომების და გადასასვლელი გზების მოწყობა, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არაგაბარიტული ტვირთების გატარება;
ე) მცურავი საშუალებების ნავსადგომების მოწყობა, ფსკერის დაღრმავებისა და მიწის ამოღების, მცურავი საშუალებების დატვირთვისა და გადმოტვირთვის სამუშაოთა წარმოება, ღუზის ჩაშვება, ჩაშვებული ღუზით მოძრაობა, თევზისა და წყლის მცენარეების რეწვა;
ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაზე ელექტრული ქსელის მფლობელი პირის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი:
1 კვ ძაბვაზე მაღალი ელექტრული ქსელის შემთხვევაში - სამუშაოების დაწყებამდე 12 დღით ადრე;
1 კვ-მდე ძაბვის ელექტრული ქსელის შემთხვევაში - სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე 3 დღით ადრე.

6. პირი, რომელმაც მიიღო წერილობითი თანხმობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების შესრულებაზე, ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ელექტრული ქსელის მფლობელთან შეთანხმებული პირობების (ტექნიკური) და წესების დაცვით და უზრუნველყოს ელექტრული ქსელის უსაფრთხოება. თუ მიწის სამუშაოები ხორციელდება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, უსაფრთხოების მიზნით სამუშაოთა წარმოებისას სავალდებულოა ელექტრული ქსელის მფლობელი პირის წარმომადგენლის დასწრება.

7. თუ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში აუცილებელია მიწისქვეშა ან მიწისზედა საინჟინრო კომუნიკაციების გადაუდებელი ავარიულ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, ამ კომუნიკაციების მფლობელ პირებს უფლება აქვთ სამუშაოთა წარმოება დაიწყონ წინასწარი შეთანხმების გარეშე, მაგრამ სამუშაოთა წარმოების ადგილზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძახებული ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წარმომადგენელი და შესაბამისი სამუშაოები განხორციელდეს მისი თანდასწრებით. ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი ვალდებულია აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებას დაასწროს თავისი წარმომადგენელი.

8. პირი, რომელიც მიწის სამუშაოთა წარმოების დროს აღმოაჩენს საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც დატანილი არ არის მიწის სამუშაოთა წარმოების ტექნიკურ დოკუმენტაციაში, ვალდებულია შეაჩეროს შესაბამისი სამუშაოები, უზრუნველყოს ელექტროგადამცემი ხაზის ხელშეუხებლობა და ამის შესახებ აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ფაქტს დაუყოვნებლივ აცნობებს საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელს (თუკი მისი ვინაობა ცნობილია). შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელთან ერთად.

9. თუ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო ან/და მიწის სამუშაოების წარმოება ხორციელდება ამ წესების დარღვევით, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოებული სამუშაოების შეჩერება და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს.

10. ელექტროგადამცემი ხაზების, საავტომობილო გზების, რკინიგზის, კავშირგაბმულობის ხაზების, მილსადენების, სანავიგაციო საშუალებების, აეროპორტებისა და ნავსადგურების გადაკვეთის ადგილებში ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის წესები თანხმდება ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელ და შესაბამის პირებს შორის. ელექტროგადამცემი ხაზების საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

11. იმ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო მოედანზე ელექტროგადამცემი ხაზები გადის, უნდა შეიცავდეს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ან/და გადატანის ღონისძიებებს ელექტროგადამცემი ხაზების მფლობელი პირის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად.

12. ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს:
ა) მოაწყოს მათთან მისასვლელი გზები, ხიდები და სხვა ნაგებობები;
ბ) აწარმოოს მიწის სამუშაოები (გათხაროს თხრილები, ღრმულები, ორმოები);
გ) განაკაფების ზოლის დასაცავად აწარმოოს ხეებისა და ტოტების მოჭრის სამუშაოები მათი შემდგომი გატანით;
დ) საავტომობილო გზების, რკინიგზის და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობების დაცვის ზონაში ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება დასაშვებია საავტომობილო გზების, რკინიგზის და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობების მფლობელ პირებთან შეთანხმებით;
ე) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას დასაშვებია სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს წერილობით წარუდგინოს ტყეკაფის აღრიცხვის მასალები, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Yკოორდინატები და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 15 დღის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი მართვის ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;
ვ) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება სპეციალური ჭრებით ან/და მიწის სამუშაოებით ასევე დასაშვებია, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა), მათ შორის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულებისათვის, ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წინასწარი სპეციალური გამოკვლევის მასალების, ტყეკაფის აღრიცხვის მასალების, ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატების და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსიის არანაკლებ ჭრების ან/და მიწის სამუშაოების დაწყებამდე 20 დღით ადრე წარდგენისა. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 20 დღის შემდეგ საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია განახორციელოს სპეციალური ჭრები ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 20 სამუშაო დღეში. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება;
ვ 1 ) ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულებისას ხეებისა და ტოტების მოჭრა ან/და მიწის სამუშაოები, გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე), რისთვისაც საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე, შესაბამის მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას) ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) წერილობით წარუდგინოს ჭრების ან/და მიწის სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ტერიტორიის X და Y კოორდინატები და Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა სახეობისა და დიამეტრის მითითებით ან/და გადასაბელი ხეების რაოდენობა და სახეობა. აღნიშნული მასალების წარდგენიდან 15 დღის შემდეგ, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, განახორციელოს ხეებისა და ტოტების მოჭრის ან/და მიწის სამუშაოები, ხოლო ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 15 სამუშაო დღეში;
ვ 2 ) იმ შემთხვევაში, როცა ხეებისა და ტოტების მოჭრა იგეგმება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე, საქმიანობის განმახორციელებელი ამ პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს, ამავე ქვეპუნქტით დადგენილი წესით, ინფორმაციის სახით წარუდგენს აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებას, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს;
ვ 3 ) ამ პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოჭრილი ხეების გადაცემა ხორციელდება შესაბამის მუნიციპალიტეტზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-6 1 პუნქტებით დადგენილი წესით.
ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია ქმედების დაწყებიდან 2 თვის ვადაში შესაბამის მართვის ორგანოს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 5-6 1 პუნქტებით დადგენილი წესით;
ზ 1 ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სპეციალური ჭრები ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის და გახსნის გარეშე. ტყეკაფის აღრიცხვის მასალებისა და ჩატარებული ჭრების სისწორეზე პასუხისმგებელია სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი;
თ) გამონაკლის შემთხვევაში, ელექტროგადამცემ ხაზზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელებისას, როდესაც გადაუდებელია ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, ხეებისა და ტოტების მოჭრა/სპეციალური ჭრა ან/და მიწის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე) და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) დასაშვებია წინასწარი შეტყობინების გარეშე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას ან ამ ტერიტორიას არ ჰყავს მესაკუთრე, მოჭრილი ხეებისა და სპეციალური ჭრის შედეგად მოჭრილი ხე-ტყის გადაცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებაზე, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – შესაბამის უფლებამოსილ ორგანოზე ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5-6 1 პუნქტებით დადგენილი წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, მოჭრილი ხეებისა და ტოტების გადაცემა შესაბამის მუნიციპალიტეტზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის შემთხვევაში, თუ ეს ტერიტორია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებას უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის ფარგლებში, მასთან მისასვლელ გზებზე და განაკაფებში იმოძრაოს შეუზღუდავად ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ-აღდგენითი და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით.

14. სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. შესაბამისი სამუშაოს შესრულებამდე 3 დღით ადრე სამუშაოს შესრულების პირობები უნდა ეცნობოს მიწათმოსარგებლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

15. ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოებისას, როდესაც ხორციელდება აუცილებელი მიწის ან/და გზის საფარის დაზიანება, აუცილებელია ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული ორგანოებისა და პირების შემდგომი სავალდებულო ინფორმირება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

16. თუ ელექტროგადამცემი ხაზის საავარიო-აღდგენით სამუშაოთა წარმოებისას საჭიროა გზის საფარის მოხსნა და გრუნტის გათხრა, სამუშაოების დაწყებამდე ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გზის მფლობელი პირების წარმომადგენლების გამოძახება. სამუშაოთა წარმოების ადგილი შემოიფარგლება ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გამაფრთხილებელი ნიშნებით. გზის საფარის აღდგენის სამუშაოებს ასრულებს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი.

17. მიწათმოსარგებლე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას.

18. შესაბამისი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფაში.

19. ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის გასწვრივ განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელ პირებთან ატარებს ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის დადგენილი წესის განმარტებით სამუშაოებს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 მარტის დადგენილება №207 – ვებგვერდი, 05.03.2014წ.
​ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 ივლისის დადგენილება № 437 – ვებგვერდი, 07.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის დადგენილება №323 – ვებგვერდი, 14.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 აპრილის დადგენილება №190 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2156434-elektruli-kselebis-khazobrivi-nagebobebis-datsvis-wesisa-da-mati-datsv/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
