---
title: "მუხლი 11¹⁵. მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-15"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "11^15"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹⁵. მოსამსახურის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 11¹⁵ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-15

1. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

4. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

5. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებით ბავშვის მოვლის გამო შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-16.md
