---
title: "მუხლი 11¹⁶. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-16"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "11^16"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11¹⁶. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 11¹⁶ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-16

1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე – დაწინაურების შემთხვევაში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) მოსამსახურის თანხმობით; გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2. მოსამსახურის დაწინაურება ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, მისი სათანადო პროფესიული გადამზადებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. მოსამსახურის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.

4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

5. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მოსამსახურე მისი თანხმობით, თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ან ტერიტორიულ ორგანოს.

6. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს მისი თანხმობით განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/11-17.md
