---
title: "მუხლი 25. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/25"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "25"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულების წესი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/25

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

2. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებს და პირობებს, პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს განაჩენით, იგი დამსაქმებელ თანამდებობის პირს უგზავნის მოთხოვნას, გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას განაჩენში მითითებული საქმიანობა.

4. დამსაქმებელი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობის ან მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. თუ დამსაქმებელი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/26.md
