---
title: "მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/18"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "18"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/18

1. საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;
ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, არ დაუშვას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;
გ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე არ დაუშვას გზაზე მისი კუთვნილი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;
დ) ექსპლუატაციაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად დაამაგროს საცნობი ნიშნები;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს ეკრძალება:
ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა);
ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაუშვას ის პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია ან/და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგო­რიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
გ) ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე მოძრაობისათვის გაუშვას მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

3. გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგე­ბობის მდგომარეობისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობა შეინახოს მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში;
ბ) მიიღოს ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას.

4. გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო სინათლეებით;
ბ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე;
გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/19.md
