---
title: "მუხლი 52. საავარიო შუქსიგნალიზაცია და საავარიო გაჩერების ნიშანი — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/52"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "52"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. საავარიო შუქსიგნალიზაცია და საავარიო გაჩერების ნიშანი — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/52

1. საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს:
ა) თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს;
ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია;
გ) მძღოლისთვის შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია, გაჩერდეს;
დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);
ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების სადგომზე ან სარემონტო ადგილზე გადაყვანისას;
ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სხვა სახის საშიშროების შესახებ გასაფრთხილებლად.

2. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;
ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

3. „საავარიო გაჩერების ნიშანი“ და მოციმციმე წითელი ფარანი უნდა დაიდგას სატრანსპორტო საშუალებიდან იმ მანძილზე, რომელიც კონკრეტულ პირობებში უზრუნველყოფს საშიშროების შესახებ სხვა მძღოლების დროულ გაფრთხილებას, მაგრამ ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში არ უნდა იყოს 15 მეტრზე ნაკლები, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრზე ნაკლები.

4. საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

5. საავარიო გაჩერების ნიშანი არის ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა არანაკლებ 0,4 მეტრი სიგრძის გვერდებითა და არანაკლებ 0,05 მეტრი სიგანის წითელი არშიით. ამ სამკუთხედის შუა ნაწილი შეიძლება ღრუ იყოს ან ღია ფერის საღებავით შეიღებოს. წითელი არშია შუქს არ უნდა ატარებდეს ან უნდა ჰქონდეს შუქამრეკლი თვისების მქონე ზოლი. დაფა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შეიძლებოდეს მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში მდგრადად დაყენება. საავარიო გაჩერების ნიშანი გამოსახულია ამ კანონის დანართ №3-ში.
თავი V
სატრანსპორტო საშუალების, მისი ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/53.md
