---
title: "მუხლი 3 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/3"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 2175428"
adopted: "2013-12-31"
consolidated_as_of: "2026-09-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-09-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/3

1. ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება მძღოლის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მძღოლის ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. მძღოლმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.

2. ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

3. ალკოტესტის აპარატზე 0,3–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4. თუ მძღოლი არ ეთანხმება პირველადი ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად:
ა) ექსპერტიზა ჩაიტაროს ამ ბრძანების №3 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში;
ბ) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სისხლის სინჯი ჩააბაროს ამ ბრძანების №3 დანართის პირველი მუხლით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში ამ ბრძანების №2 დანართით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოსაკვლევი პირი ვალდებულია ექსპერტიზის ჩატარების/სისხლის სინჯის აღების პროცედურის დაწყებამდე მის განმახორციელებელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითარი.

6. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2016 წლის 3 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №425/ №01-33/ნ - ვებგვერდი, 03.08.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/4.md
