---
title: "მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/5"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "5"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. მოსახლეობისა და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/5

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:
ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;
დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;
ე) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ;
ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;
ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
თ) დაიცვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:
ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;
ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;
დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

3. ყველა საწარმო ვალდებულია:
ა) დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ.

3¹. ყველა პირი, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ვალდებულია შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტი − საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმები.

3². ამ მუხლის 3
1
პუნქტში მითითებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის
კანონი
№5571
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 03.12.2018წ.
თავი III. გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/6.md
