---
title: "მუხლი 7. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/7"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "7"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/7

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსი, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.

4. ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6575 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/8.md
