---
title: "მუხლი 8 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/8"
law: "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 22420"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-11-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

> Text consolidated as of 2025-11-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-11-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/8

1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები.

2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით.

3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4¹. ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება.

7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

8. ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

9. ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის.

10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103
საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/22420-erovnuli-saarkivo-pondisa-da-erovnuli-arkivis-shesakheb/9.md
