---
title: "მუხლი 127. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/127"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "127"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 127 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/127

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – აუქციონის ფორმით, პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით.

2. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

3. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

4. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის თანხმობით იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან  ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

5. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის თბილისის საკრებულოს. თბილისის საკრებულოს თანხმობის  საფუძველზე მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობის სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/126-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/127-1.md
