---
title: "მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/17"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "17"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/17

1. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს შეიძლება გადასცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.

2. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე საქართველოს ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.

2¹. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მტკიცდება შესაბამისად საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებას შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით განახორციელოს.

5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას გაუწევს.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №1718 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №2931 – ვებგვერდი, 25.05.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/18.md
