---
title: "მუხლი 77. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/77"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "77"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/77

1. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, თბილისის მერიის დებულებით ან მასში შესაბამისი ცვლილებით, მთავრობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვისა და თბილისის მერიის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თბილისის საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.

3. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 76-ე, 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.

4. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლებამოსილებანი და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფები განისაზღვრება შესაბამისად თბილისის მერიის დებულებით და სტრუქტურული ერთეულის დებულებით და შესაბამისი საშტატო ნუსხით.
საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/78.md
