---
title: "მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/85"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "85"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 85 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/85

1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით.

3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) დასახლების საერთო კრება;
ბ) პეტიცია;
გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ამ კანონით განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/85-1.md
