---
title: "მუხლი 87. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/87"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"
article: "87"
identifier: "1958-IIს"
adopted: "2014-02-05"
consolidated_as_of: "2026-05-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-05-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2026-05-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/87

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის, აგრეთვე მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დასწრების მსურველთათვის სხდომათა დარბაზში ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი. თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა აღემატება მათთვის სხდომათა დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც სხდომაზე დასწრების მსურველებს სხდომის მსვლელობის მოსმენის საშუალებას მისცემს.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/86-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244429-adgilobrivi-tvitmmartvelobis-kodeksi/88.md
