---
title: "მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/16"
law: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 2244506"
adopted: "2014-02-06"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/16

1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ:
ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს;
გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;
ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;
ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;
ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში;
თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით;
ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში.

2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.

3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.
თავი V
დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/17.md
