---
title: "მუხლი 18. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/18"
law: "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 2244506"
adopted: "2014-02-06"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/18

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილის რეინტეგრაციას.

2. თუ დევნილი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფენ დევნილისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას;
ბ) იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას მისი უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები;
გ) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი საკუთრების დაბრუნების მომენტისთვის არსებული სახით, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგენენ დანგრეულ შენობას და უზრუნველყოფენ პირისათვის მის დაბრუნებას;
დ) კოორდინაციას უწევენ მიყენებული ზარალის კომპენსირების პროცესის განხორციელებას მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

3. მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები.

4. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პროცესში მისი დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფით.

5. სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის დაგეგმვისა და მართვის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
თავი VI
დევნილის უფლებების განხორციელების გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2244506-sakartvelos-okupirebuli-teritoriebidan-idzulebit-gadaadgilebul-pirta-d/19.md
